Wednesday, December 29, 2010

წინასიტყვაობა

გთავაზობთ ქიმიის ინტერნეტსახელმძღვანელოს (თვითმასწავლებელს), რომელიც გათვალისწინებულია საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლად შეისწავლონ ქიმიის ძირითადი კურსი, ან გაიღრმავონ ცოდნა ქიმიის კონკრეტულ ნაწილებში. სახელმძღვანელოთი შეუძლიათ ისარგებლონ იმ აბიტურიენტებმაც, რომლებიც აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ქიმიაში.
შემოთავაზებული კურსი შედგება ექვსი ნაწილისაგან: ზოგადი ქიმია, არაორგანული ქიმია, ორგანული ქიმია, ქიმიური ამოცანები ამოხსნებითურთ, საგამოცდო ტესტები და ქიმიური ტერმინების ლექსიკონი. სახელმძღვანელო ასამდე გაკვეთილს შეიცავს. ჩვენი შეხედულებით თითოეული გაკვეთილის შესწავლას საშუალო დონის მოსწავლემ დაახლოებით ერთი საათი უნდა მოანდომოს. მეცადინეობის ინტენსივობა, სწავლის მიზნისა და სწავლისათვის არსებული დროს ხანგრძლივობის შესაბამისად, მოსწავლემ თვითონ უნდა განსაზღვროს.
გაკვეთილი სამი ნაწილისაგან შედგება: საშინაო დავალების შემოწმება, ახალი თეორიული მასალა და ახალი საშინაო დავალება.
მოსწავლე სწავლობს თეორიულ მასალას და აუცილებლად ასრულებს საშინაო დავალებას. ახალი გაკვეთილის შესწავლას იწყებს საშინაო დავალების შემოწმების შემდეგ. თუ საშინაო დავალების შემოწმებისას თავის პასუხებში მოსწავლე აღმოაჩენს მნიშვნელოვან ხარვეზებს, მაშინ მან კიდევ უნდა გადაიმეოროს განვლილი გაკვეთილი.
განვლილი მასალის ათვისების დონის შესამოწმებლად გათვალისწინებულია აგრეთვე საკონტროლო სამუშაოები და ტესტები.
აუცილებელია მოსწავლემ იქონიოს ერთი საერთო რვეული, რომელშიც მან უნდა ჩაწეროს ყველა ის რეაქციის ტოლობა და ყველა ის ფორმულა, რომელიც მას შეხვდება თეორიული მასალის შესწავლისას. ამავე რვეულში უნდა ჩაწეროს საშინაო დავალებებიც.
ორიოდე სიტყვა ავტორთა შესახებ:
მერაბ ჯელია_ ქიმიის დოქტორი, წლების განმავლობაში მუშაობდა თსუ ქიმიისა და უცხოელთა მოსამზადებელ ფაკულტეტებზე, სადაც ჩამოაყალიბა ქიმიის ელემენტარული კურსის სწავლების მეთოდიკა იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც არ გააჩდათ საბაზისო ცოდნა. არის რამოდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი როგორც ქიმიის ფაკულტეტის, ისე უცხოელი სტუდენტებისათვის და აგრეთვე აბიტურიენტებისათვის.
გიორგი მახარაძე_ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქარათველოს ეკოლოგიური აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, წყლის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი წევრი საქართველოდან. წლების განმავლობაში მუშაობდა თსუ ქიმიის ფაკულტეტზე.
ნუნუ ჯავახიშვილი_საგანმანათლებლო ორგანიზაცია “დიდაქტიკის” დამფუძნებელი. მუშაობდა თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქიმიის კაბინეტის გამგედ, ასწავლიდა ქიმიას თბილისის 31-ე, 90-ე და 23-ე სკოლებში.არის ქიმიკოს-პედაგოგთა ასოციაცია “სინთეზის” პრეზიდენტი, VII-XII კლასების ქიმიის სახელმძღვანელოების ავტორი.
ავტორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო გამოადგებათ არამარტო მოსწავლეებს არამედ დიდ სარგებლობას მოუტანს საჯარო სკოლების მასწავლებლებსაც.
შენიშვნები და გამოხმაურებები გთხოვთ გამოაგზავნოთ მისამართზე: didaqtika@gmail.com
მერაბ ჯელია
გიორგი მახარაძე

No comments:

Post a Comment